მუხრან მაჭავარიანი
ენა ქართული
ქართული მარტო ენაა?!-
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა!
ვითარცა მტკვარი
მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას სციოდა, _ და დრო გადიოდა. ვითარცა ღვინო _ ქვევრიდან ხაპში _ ხაპიდან დოქში _ დოქიდან ჯამში _ ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში. გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა _ და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი. გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ. და... მიუხედავად ამისა, მაინც _ გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული... და დღეს _ შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს _ ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს – სულხანის ნაქონი სისხლით, თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ!
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს ..
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს _ ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის... და მე ვყვირი: _ ჩემს სისხლს დალევს უწინამც! და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი! როსმე `არგო” (სხვა ხომალდი გუშინაც!) მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით... და მე ვყვირი: _ მკვდარსა მნახვენ უწინამც! და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი! ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს _ არაერთის ზედ მიემსხვრა გემი... და მე ვყვირი: _ ოხ, უწინამც! უწინამც! და მე ვმღერი: _ აფხაზეთი ჩემი!

